„პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები წარმოდგენილი იქნება სასამართლოში. საკითხი სამართლებრივად იმდენად მარტივია, რომ ჩვენი პოზიციები არის ძლიერი. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ პოზიციას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტმაც ცოტა ხნის წინ ინტერვიუში აღიარა, რომ უფლებამოსილების გარეშე იმყოფებოდა ლიტვაში. თავადაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ, ვფიქრობ, წინასწარ განჭვრეტა ადვილია, დიდი ალბათობით, სამართლებრივი დასკვნა ამისი მხარდამჭერი იქნება.
სამართლებრივად ყველამ კარგად იცის და საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, საჯაროდ სხვანაირად საუბრობენ, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სამარცხვინოდ ამ უმარტივეს სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით ცდილობენ, ეჭვი გაჩნდეს, თითქოს სხვანაირი სამართლებრივი განმარტება უნდა იყოს.
ეს ერთ რამეს აჩვენებს – როდესაც საუბარია, რომ ზოგიერთი ელიტური „ენჯეო“ უნდა იყოს ჩართული ამა თუ იმ სამართლებრივ პროცესში, ვხედავთ, ეს ელიტური „ენჯეოები“ არის ხალხი, რომელიც არა თუ თვალს ხუჭავს კონსტიტუციაზე, პირდაპირ ტყუილს ეუბნება საზოგადოებას. ისეთ ინტერპრეტირებას ახდენენ, თითქოს კონსტიტუცია რაიმენაირად უშვებდეს შესაძლებლობას, პრეზიდენტს მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების განხორციელების უფლება ჰქონდეს. შეიძლება, პროფესიული თავმოყვარეობა არ არის, მაგრამ როდესაც ურცხვად ხდება საზოგადოების მოტყუება, შემდეგ არ არის პატიოსანი პოზიციის მოსმენის მოლოდინი ელიტური „ენჯეოების“ მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ატყუებენ საზოგადოებას, ჩართული იყვნენ რეფორმებში და სხვადასხვა კანდიდატის შერჩევაში.
ამას ვხედავდით ომბუდსმენზე, როგორ ახდენდნენ ზეწოლას პარლამენტის წევრებზე, მხარი არ დაეჭირათ მათთვის, ვინც სურდათ, ამას ვხედავთ იუსტიციის საბჭოს არასამთავრობო წევრების არჩევაზე, როგორ ახდენენ ზეწოლას პარლამენტის წევრებზე და ორი წევრი დღემდე ვერ აგვირჩევია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.