უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში მყოფ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და მთელ თავისუფალ სამყაროს რუსეთთან ამ დაპირისპირების მოგება შეუძლია.
"მაგრამ ჩვენი გამარჯვება პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლობაზე: რაც უფრო ძლიერ და პრინციპულ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი. სამართლიანად დასრულდება. დასრულდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით და მშვიდობის საიმედო გარანტიით მთელი ევროპისთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სამხედრო დახმარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების გარდა, უკრაინის გზა ნატოში გაწევრიანებისკენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯებია.