საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების შეტანას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე თანხმობა ხელმოწერით უკვე დაადასტურა. ამის შესახებ ჟორჟოლიანი „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საკმარისი ხმების შეგროვება ვერ მოხერხდება, ცვლილების განსახორციელებლად პარლამენტი სხვა მეთოდებს მიმართავს.
„მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას. ხელიც მოვაწერე განცხადებას. ეს არ არის ახალი. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღეთ. საზოგადოებაში არის განწყობა, რომ ჩვენი ტრადიციული ღირებულებრივი სისტემიდან გამომდინარე მსგავსი ჩანაწერი გაჩნდეს კონსტიტუციაში. მეც მიმაჩნია, რომ ამის გარანტიები უნდა არსებობდეს.
თუკი საკმარისი ხმები ვერ მოგროვდება, მივმართავთ სხვა გზას. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სხვა ხერხებითაც შეიძლება და შეიძლება ამაზეც ვიფიქროთ", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.