უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს სლოვაკეთის მოქალაქეების არჩევანს და აღნიშნა, რომ ნაადრევია მსჯელობა იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგი უკრაინის მხარდაჭერაზე.
"ჩვენ პატივს ვცემთ სლოვაკეთის არჩევანს. ვფიქრობ, ნაადრევია მსჯელობა იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს არჩევნები უკრაინის მხარდაჭერაზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ კოალიციის შექმნას", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სლოვაკეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. ყოფილ პრემიერ ფიცოს პარტიამ ხმათა 23.3% მიიღო. მეორე ადგილზე 16.8 %-ით ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთია“, ხოლო მესამე პოზიციას კი 15%-ით პარტია „ჰლასი“ იკავებს.
სოციალ-დემოკრატების ლიდერი რობერტ ფიცო რადიკალური ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მომხრეა. მთავრობის ფორმირებისთვის სოციალ-დემოკრატებს მანდატები არ ეყოფათ, რის გამოც მათ კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკების დაწყება მოუწევთ.