logo_geo
eng_logo
„დემოკრატიის სწავლება“ ამერიკულად
- +

2 ოქტომბერი. 2023. 22:21

 

 

აშშ-ის ელჩად წოდებულმა, ხანდახან ამერიკელ წითლიძედ რომ მოვიხსენიებდი ხოლმე, დაგვიბარა, აქ იმდენი ფული გვაქვს დახარჯული, ნურავის ექნება იმედი, ოდესმე ამ ქვეყნიდან წასვლა დავაპიროთო. ყველასთვის გასაგებია ქვეტექსტი, რომ საქართველოს მართვაზე ექსკლუზიური უფლებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთო, რასაკვირველია, „რკინის კასრებში“ გამოზრდილი და გამოსაზრდელი „თავისი ნაძირალების“ მეშვეობით.

 

„იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო“, მაგრამ ვიდრე ახალი ელჩი-ოფიცერი გამოგვეცხადებოდა, აქ ამბები გაიშიფრა... მტრისას... „ყველაზე დიდმა“ საელჩომ, ვინმეს უპატრონოდ დარჩენილი არ ვეგონოთო, „ოპერატიულად“, მკაცრად გვაგრძნობინა, რომ მიდგომები არ შეიცვლება, რომ ფაქტები, კვლავინდებურად, ცალ ფეხზე კიდია და როგორც ამერიკული კანონი იყო „რუსული კანონი“, ისე სუს-ის განცხადება არის „დაუსაბუთებლი თავდასხო“... სხვა სიტყვებით - „თქვენი სუსი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) არ გავიგო, თორეო...“

 

ვიდეო-აუდიომასალაზე მეტი დასაბუთება რა გინდა, შე კაი დედმამიშვილო? თქვენი აგენტურიდან ინგლისურის არმცოდნე „ქურქუმალ ვაითები“ რომ გამოყარეთ კომენტარებზე, ვითომ სუს-ის თარგმანს არ ვენდობითო, თქვენ როგორ უნდა ახსნათ თქვენს ენაზე ნათქვამი  მძიმე-მძიმე ფრაზები და წინადადებები, რომელთა ჯამური შინაარსიც „რევოლუცია“, ანუ „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაა“?

 

ჩემო კარგო ქართველო საზოგადოებავ, ყველამ ზედმიწევნით ვიცით, რომ საქმე გაგება-ვერგაგებაში არაა, საქმე „უფროსი ძმის“ უფლების რეალიზებაშია. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ მეორეხარისხოვნები ვართ და მხოლოდ „საზარბაზნე ხორცად“ თუ გამოვდგებით.

 

იმის კიდევ ერთხელ გასააზრებლად, თუ როგორ „გვეხმარებიან“ „მეგობრები“ „დემოკრატიის განვითარებაში“, მცირე ამონარიდს მოვიტან სუს-ის განცხადებიდან: „აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება... პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვაზე და ძალაუფლების ხელში აღებაზე. საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილი იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არა ერთი დრამატული მაგალითი...“ „უფროსმა ძმამ“ კიდევ - „ბრალდებები მცდარიაო“...

 

შეფასებები - „დაუსაბუთებელი თავდასხმა“ და „ბრალდებები მცდარია“ - ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, იმ სახელმწიფო ინსტიტუციის პირდაპირი შეურაცხყოფაა, რომელსაც თითოეული მოქალაქე მისი ქვეყნისა და პირადად მისი დაცულობის გარანტად მიიჩნევს. რაც არ უნდა მძიმე იყოს „ვაშინგტონის კრემლისთვის“ იმის აღიარება, რომ საქართველო სახელმწიფოა და მას მართავს ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს ამის გაკეთება(!).

 

 

ბიძინა  დვალი

02.10.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner