ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, ადამიანის სათანადო კონსტიტუციურ უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია. კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია ე. წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება.
“საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, -განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის მიმდინარეობისას მასში მონაწილეთა უსაფრთხოებისა და სხვა პირთა უფლებების დაცვის მიზნით შესაბამისი პროპორციული ღონისძიებების გატარება სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს (შეკრებისა და გაერთიანების უფლება).
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.