logo_geo
eng_logo
Financial Times: უკრაინის ომისშემდგომი აღდგენა და ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება მექრთამეობისა და უკანონობის მრავალწლიანი მემკვიდრეობის დაძლევაზე
- +

3 ოქტომბერი. 2023. 00:21

კორუფციის პრობლემის მოგვარება უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის იმედების განხორციელების წინაპირობაა, - წერს ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი სტატიაში სათაურით უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლა.

 

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ომისშემდგომი აღდგენა და ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება მექრთამეობისა და უკანონობის მრავალწლიანი მემკვიდრეობის დაძლევაზე.

 

 

"კორუფციის დასამარცხებლად ბრძოლა აუცილებელია სამი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, უფრო ეფექტურად განახორციელოს თავისი თავდაცვითი ომი რუსეთის წინააღმდეგ. მეორეც, ეს გააუმჯობესებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. ეს ასევე ერთხელ და სამუდამოდ გააქარწყლებს იმ იმიჯს, რომელიც უკრაინამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიძინა, როგორც კორუფციით, ორგანიზებული დანაშაულითა და უკანონობით გახრწნილი ქვეყანა. ეს სურათი მშვენივრად შეეფერებოდა რუსეთის ინტერესებს, რაც კრემლს აძლევდა საშუალებას ეთქვა, რომ უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გრძელვადიანი მომავალი და ლეგიტიმაცია ყოველთვის საეჭვო იქნებოდა", - ნათქვამია სტატიაში.

 

 

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რაც უფრო წარმატებული იქნება უკრაინის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მით უფრო მკვეთრი იქნება კონტრასტი ვლადიმირ პუტინის რუსეთთან, რომელიც არც დემოკრატიულია და არც [რბილად რომ ვთქვათ] თავისუფალი კორუფციისგან.

 

 

27 სექტემბერს, უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პენი პრიცკერმა განაცხადა, რომ ამერიკულ კერძო კომპანიებს სურთ ინვესტიციის ჩადება უკრაინაში, თუმცა უკრაინამ უნდა განახორციელოს რეფორმები ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.

 

 

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააძლიერა ძალისხმევა კორუფციის დასაძლევად.

 

 

"ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა განცხადება უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარების გეგმების შესახებ, ან ბლოკის აღმოსავლეთით შესაძლო გაფართოების შესახებ, შეიცავს მითითებას კორუფციის წინააღმდეგ მდგრადი ბრძოლის აუცილებლობაზე", - ნათქვამია სტატიაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner