ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში იმსჯელებენ. უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას თავად სალომე ზურაბიშვილი. სხდომას სრული შემადგენლობით დაესწრებიან საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ, საქმე სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტებს ეხება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.
„მმართველი გუნდი პასუხისმგებლიანად მოეკიდა ამ საკითხს და მყისიერი რეაგირება მოახდინა. სწორედ ამის შედეგია ის პროცესი, რომელიც დღეს გაიმართება და სავარაუდოდ ხვალაც, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენ წინასწარ მოვლენებს არ გავუსწრებთ, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, შესაბამისად ჩვენ დაველოდებით საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე.