მადრიდში, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ირაკლი ბერაიამ რუსულ ოკუპაციაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების სხვადასხვა გამოვლინებაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა, ევროპული მხარდაჭერის გაზრდის საჭიროება და ევროპული უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
„საუბარს დავიწყებ უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვით, რომელიც იცავს სამშობლოს რუსი აგრესორებისგან. ამ ომმა სულ უფრო საგანგაშო გახადა ისედაც მძიმე გარემო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ინტენსიური სამხედრო წვრთნებით, ჰუმანიტარული კრიზისით, დე-ფაქტო ანექსიის ნაბიჯებით და ჰიბრიდული ომის წარმოებით. ეგზისტენციალური საფრთხეების მიუხედავად, ჩემი ქვეყანა ახორციელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ამბიციურ დემოკრატიულ, უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის დღის წესრიგს, აქვს გამოცდილება და მზად არის შემდგომი წვლილი შეიტანოს ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაში. საქართველო სრულად იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რაც დასტურდება ვერიფიკაციის სანდო მექანიზმებით.
უკრაინაზე საუბრისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს პრიორიტეტად ევროპის დღის წესრიგში. საქართველოდან ჯარების გაყვანის მიზნით რუსეთზე ზეწოლის განხორციელებასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსადმი მხარდაჭერის გაზრდა შეკავებისა და თავდაცვის, ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ მედეგობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ასევე აუცილებელია ევროკავშირი-ნატოს ჩართულობის გაზრდა რეგიონში, ევროპული უსაფრთხოებისთვის მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
და ბოლოს, როდესაც მილიონობით ევროპელი საქართველოში, ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყანაში, ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ქვეყნისთვის დიდი ხნის წინ დამსახურებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენცია, 1-2 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა. კონფერენციას საქართველოს პარლამენტიდან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია დაესწრნენ.