“სასამართლოს თუ დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, განჩინებით დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ისე არ მოხდება, თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის, რომ ეს არის იურისტების პოზიცია და მე ხომ იურისტი არ ვარ, იმათ გააკეთეს ასეთი განმარტება, მე ასე ვფიქრობო. გამიკვირდა ის, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო, რომელშიც პრეზიდენტი მოღვაწეობს და თქვენთან ერთად არ არის როგორც წარმომადგენელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. თქვენ კვალიფიციური იურისტები ბრძანდებით, ამ შემთხვევაში თქვენს კვალიფიკაციას კი არ ვაყენებთ ეჭვქვეშ, მაგრამ ფაქტები ალბათ, საპარლამენტო მდივანმა, პრეზიდენტმა და სხვა პიროვნებებმა უფრო კარგად იცოდნენ, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ ამ დღეებში ისე კარგად შეისწავლეთ ამ წარდგინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ შეგიძლიათ, ჩვენ წინაშე გამოხვიდეთ. თუ სასამართლოს დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, როგორც სასამართლო ორგანოს, განჩინებით დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება, სხვა საკითხია მერე ის ამ შემთხვევაში ისაუბრებს თუ არა ჩვენს წინაშე, მაგრამ თუ ისეთ საკითხები იქნება ვიზიტებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი მხრიდან უფრო მეტ ინფორმაციას მოითხოვს, ჩვენ ამ უფლებასაც ვიტოვებთ“– განაცხადა ტურავამ.