ავტორი ანა ნონიკაშვილი
„პირველადი ჯანდაცვის გარეშე საერთოდ ჯანდაცვა წარმოუდგენელია. სერიოზული პრობლემები შეგვექმნა იმის გამო, რომ წინა წლების განმავლობაში პირველადი ჯანდაცვა მოშლილი იყო. ყველა ამბულატორია და სამედიცინო დაწესებულება ფაქტიურად აღმოჩნდა კერძო პიროვნების ხელში", - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ „რეპორტიორთან" ისაუბრა.
„პირველადი ჯანდაცვა არის საძირკველი, თუნდაც ხარჯების შეკავების თვალსაზრისით. დღეს პირველადი ჯანდაცვის არარსებობის გამო ნებისმიერი პაციენტი, თუნდაც ისეთი დაავადებით, რომელიც არ არის სტაციონარული მკურნალობის, მაინც მიდის სტაციონარში, სადაც იღებს ძალიან ძვირ დახმარებას. პირველადი ჯანდაცვის პლუსი იქნება ოჯახის ექიმები, რომლებიც მუდმივად ჩართულები იქნებიან პაციენტის მკურნალობაში. დათვლილია, რამდენი პირველადი ჯანდაცვის ობიექტი უნდა იყოს საქართველოში. სქემა იქნება ასეთი, პაციენტი პირველად მიმართავს პირველადი ჯანდაცვის ცენტრს და თუ მისი მკურნალობა შესაძლებელია ოჯახის ექიმის დონეზე, ის დარჩება და მკურნალობას გააგრძელებს, არ წავა სტაციონარში, რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯები შემცირდება. თუ ვთქვათ, მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება პაციენტს, ის გადავა სტაციონარში და თუ ძალიან მძიმე შემთხვევაა, შემდეგი დონის სტაციონარში მოხვდება. ამ სქემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გარკვეული მონახაზები არსებობს და ყველაფერთან ერთად ეს მოგვცემს საშუალებას, ძალიან ბევრი დაავადების წარმოქმნის პრევენციაზე ვიზრუნოთ, მითუმეტეს, რომ მკურნალობა უკვე ხარჯიანია, პრევენციისგან განსხვავებით",- განაცხადა კვარაცხელიამ.