„ძალიან კარგი პრეცედენტი იქმნება საქართველოში, როდესაც სამართლის უზენაესობის პრინციპს განსაკუთრებული პატივი მიეგება. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. უსაფუძვლოა ოპოზიციის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება, რომ თითქოს ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს მაგალითად ევროინტეგრაციის მიმართულებით და ა.შ.“ - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა შესაძლებლობა და სამართლისადმი და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართ პატივისცემის ნიშნად პირადად არ ჩაბრძანდა სხდომაზე. კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ამის დემონსტრირება მომხდარიყო. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს, მას შეგნებულად აქვს ასეთი დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. ერთი მხრივ დარღვევა და მეორე მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადების პატივისცემის დაფიქსირების ხელიდან გაშვება“, - განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.