logo_geo
eng_logo
ხვიჩა კვარაცხელია: „რეალს“ დიდ პატივს ვცემთ, თუმცა, ჩვენ ჩემპიონები ვართ...
- +

3 ოქტომბერი. 2023. 16:07

 

 

„ორი ოცნება მაქვს: მოვიგო ჩემპიონთა ლიგა და საქართველოს ნაკრებთან ერთად ვითამაშო ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე...“- ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ „AS“-თან.

 

„ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე ჩაწერა თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიაში, - წერს AS.COM. - ოსიმენთან ერთად ის იმ წარმატების მთავარი შემოქმედი იყო, რომელსაც „ნაპოლიმ“ მარადონას გარეშე პირველად მიაღწია. ის მოედანზე უშიშრად ხვდება ნებისმიერ მეტოქეს, მაგრამ მოედნის გარეთ მორიდებული და ზრდილობიანი ბიჭია. კომპლიმენტების მიღების დროს წითლდება, თუმცა საუბარში დროდადრო ავლენს თავის მებრძოლ ხასიათს… „კვარადონა“ „ნაპოლის“ საწვრთნელ ბაზაზე, „რეალთან“ პირველი თამაშის წინ შეგვხვდა - იმ გუნდთან დაპირისპირების წინ, რომელსაც ბავშვობაში თბილისში, ტელევიზორში უყურებდა და ქომაგობდა, დღეს კი დამარცხებას ჩემპიონთა ლიგაში უპირებს…“

 

 

AS: ხვიჩა, შენი სურათი ნეაპოლის ლამის ყველა კუთხეშია. ცნობილია ხომ ეს შენთვისაც?

 

კვარა: რა თქმა უნდა (იცინის). ამ ადამიანებისგან სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ, როდესაც სახლიდან გამოვდივარ და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. მათ გარეშე ამდენს ვერ მივაღწევდით. მათი მხარდაჭერა სულ სხვა ენერგიით გვავსებს. მიუხედავად იმისა, რომელ ქალაქსა თუ არენაზე სათამაშოდ მივდივართ, ნეაპოლელები ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და მზად არიან, სიყვარული გვაჩუქონ. ისინი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ.

 

AS: გასული სეზონი 14-14 გოლითა და პასით დაასრულე.

 

კვარა: ამ შედეგს არაჩვეულებრივი გუნდის, სამწვრთნელო შტაბისა და პერსონალის წყალობით მივაღწიე. მარტო ასეთ რიცხვებს ვერ დავდებდი. ყველამ ბრწყინვალედ იმუშავა.

 

AS: სამუდამოდ დარჩები ერთ-ერთ გმირად, რომელმაც „ნაპოლის“ მარადონას გარეშე პირველი სკუდეტო მოაგებინა.

 

ხვიჩა: ხალხი ზეიმისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდა, მაგრამ „იუვენტუსთან“ აპრილში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მივხვდი, რაოდენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ნეაპოლში როცა დავბრუნდით, გზატკეცილი ტიფოზებისგან გადაკეტილი დაგვხდა. ეს დაუჯერებელი იყო. ჩვენ ავტობუსის სახურავზე ვისხედით და მათთან ერთად ვზეიმობდით. ქუდს, რომელიც მაშინ მეხურა, სახსოვრად ვინახავ. საერთაშორისო ასპარეზზე წინსვლაც აშკარაა და „აძურის“ მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ.  ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავედით და შეგვწევს იმის უნარი, რომ ევროპაში კიდევ უფრო წარმატებით გამოსვლა გავაგრძელოთ.

 

AS: კრუიფი ამბობდა, რომ ფეხბურთს ქუჩაში სწავლობენ. როგორც ჩანს, შენს შემთხვევაშიც ასე იყო.

 

ხვიჩა: ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები, ქუჩაში თამაშით გავიზარდეთ. ბრაზილიელების მსგავსად, ჩვენი სტილიც კორპუსებს შორის ყალიბდება. მაშინაც კი, როდესაც უკვე გუნდში გამოვდიოდი, ქუჩაში მეგობრებთან ერთად თამაშს ვაგრძელებდი.

 

AS: ქუჩის ფეხბურთიდან მოსული, დღეს იტალიის ჩემპიონი და „ოქროს ბურთის“ ნომინანტი ხარ.

 

ხვიჩა: პატარა ქვეყნის შვილი ვარ და ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მივხვდი, რომ როდესაც საქმეში მთელ სულსა და გულს დებ, სანაცვლოდ შედეგს იღებ. როგორც სხვები, მეც ვოცნებობ, რომ ერთ დღეს მოვიგო ეს ჯილდო.

 

AS: როგორ ფიქრობ, ამჯერად ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს“?

 

ხვიჩა: ჩემი აზრით, მესი.

 

AS: შენი გოლებიდან რომელს გამოარჩევ?

 

ხვიჩა: ძალიან კარგი იყო გოლი, რომელიც „ატალანტას“ გავუტანე. კარგი იყო ბოლო გოლიც, „უდინეზესთან“.

 

AS: და მარტიდან მოყოლებული უგოლო სერიაც შეწყდა.

 

ხვიჩა: როგორც ფეხბურთელმა, იცი, რომ ყოველთვის ვერ შეძლებ იმ ყველაფრის გაკეთებას, რასაც შენგან ითხოვენ. უნდა გაიაზრო, რომ ასეთი მომენტები გეხმარება, გააუმჯობესო თამაში. კრიტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაინტერესებს მხოლოდ გუნდის დახმარება და არ აქვს მნიშვნელობა, ამას გატანილი გოლით შევძლებ თუ საგოლე გადაცემით. რა თქმა უნდა, მაკლდა ის ემოციაც, რომელსაც გოლის გატანით იღებ.

 

AS: ფიქრობ, რომ ესპანეთის ნაკრებთან გატანილმა გოლმა განსაზღვრა შენი კარიერა?

 

ხვიჩა: 19 წლის ვიყავი და ისეთ სტადიონზე, როგორიც თბილისის „დინამო არენაა“, ესპანეთისთვის გოლის გატანა ბრწყინვალე ემოცია იყო. მოგების შანსიც გვქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, თუმცა, იმ გოლმა თავდაჯერება შემმატა. ერთი გოლით კარიერა არ იცვლება, მაგრამ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად იყო.

 

AS: ბოლოს „ლა როხას“ წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ ითამაშე და დიდი ანგარიშით, 1:7 დამარცხდით.

 

ხვიჩა: ის ჩვენი საღამო არ იყო. ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. ჩვენს გუნდს თამაში ნებისმიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად შეუძლია და ამას დავამტკიცებთ. დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი გუნდისთვის იქნება საქართველო სასურველი მეტოქე.

 

AS: თვალს ადევნებ ნაკრებში შენი თანაგუნდელი მამარდაშვილის გამოსვლას, რომელიც „ვალენსიას“ მეკარეა?

 

ხვიჩა: მასთან მაგარი მეგობრობა მაკავშირებს. მართლა ნიჭიერი და ბრწყინვალე პროფესიონალია და მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მივიჩნევ.

 

AS: დადგა ისტორიული ღამე - „რეალი“ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ მოდის.

 

ხვიჩა: ტელევიზორში „რეალის“ თამაშების ყურებით გავიზარდე, ახლა კი მის წინააღმდეგ უნდა ვითამაშო, თანაც ჩვენს სტადიონზე. შეუძლებელია, ამ საღამოს ბედნიერი არ ვიყო.

 

AS: ბავშვობაში შენი კუმირები „რეალის“ ფეხბურთელები, გუტი და რონალდო იყვნენ.

 

ხვიჩა: ვუყურებდი მათ თამაშს და ვცდილობდი, მათგან გადამეღო მოქმედებები, ფინტები, დარტყმები.

 

AS: გუტი სახსოვრად თავისი მაისურის გადმოცემასაც დაგპირდა.

 

ხვიჩა: მომწონდა ის, თუ როგორ ეპყრობოდა ბურთს. მთელი ბავშვობა ვუყურებდი მის თამაშს და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღესაც დამირეკავდა და ამას გააკეთებდა. ერთმანეთს მივწერეთ კიდეც და ამან ძალიან გამახარა. ეს ბავშვობის ოცნების ასრულება იყო.

 

AS: საქართველოში მადრიდის „რეალს“ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს?

 

ხვიჩა: დიახ, თუმცა, ვფიქრობ, ახლა „ნაპოლის“ უფრო მეტი ქომაგობს (იცინის).

 

AS: მოედანზე კიდევ ერთი დიდებული მარცხენა გარემარბის, ვინისიუსის წინააღმდეგ მოგიწევს გასვლა.

 

ხვიჩა: ის უდიდესი ტალანტია - საუკეთესო ამ პოზიციაზე. მის და „რეალის“ სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იქნება -  მოდრიჩი, ბელინგემი, კროოსი… მთელი შემადგენლობის ჩამოთვლა შეიძლება. ისინი ყველანი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან და მათ დიდ პატივს ვცემთ.

 

AS: როგორი „ნაპოლი“ დახვდება „რეალს“?

 

ხვიჩა: გუნდი, რომელიც ყველას პატივს სცემს, მაგრამ არავის უფრთხის. ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვიგოთ ეს მატჩი.

 

AS: აღნიშნე, რომ ჩემპიონთა ლიგაში კიდევ უფრო შორს გასვლა გსურთ.

 

ხვიჩა: მეოთხედფინალში გასვლა დიდი მიღწევა იყო, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ და ახლა უფრო შორს წასვლა გვინდა. დრო გვაჩვენებს, რის მიღწევას შევძლებთ ევროპაში.

 

AS: გუნდში მწვრთნელის ცვლილებას როგორ შეხვდი?

 

ხვიჩა: პირველ რიგში, სპალეტის დიდი მადლობა უნდა გადავუხადო. ის მენდო და ჩემი პოტენციალის წარმოჩენის საშუალება მომცა. ჩემი მისადმი მადლიერების სრულად გამოსახატავად არასდროს მეყოფა სიტყვები. დროდადრო ვეხმიანებით ერთმანეთს, ის კვლავაც ჩვენი გულშემატკივარია. რუდი ბრწყინვალე მწვრთნელია. ნელ-ნელა ვეცნობით და ვითვისებთ მის ტაქტიკას და ხედვას და სრულყოფილები ვხდებით. დარწმუნებული ვარ, მალე მივაღწევთ ჩვენს საუკეთესო ვერსიას. ჩვენ გუნდი ვართ, რომელიც ცდილობს მწვრთნელის იდეებს მისდიოს.

 

AS: შენ და ოსიმენი მშვენივრად უგებთ ერთმანეთს.

 

ხვიჩა: ვიქტორი განსაკუთრებული ბიჭია. ის ყოველთვის მზად არის, მხარში დაგიდგეს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

 

AS: მადლობას ეუბნები ხოლმე დახმარებისთვის?

 

ხვიჩა: დიახ, ყოველთვის (იცინის).

 

AS: მცველებიდან ვინ არის ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად გირთულებს საქმეს?

 

ხვიჩა: ჩვენი კაპიტანი, დი ლორენცო!

 

AS: 22 წლის ასაკში უკვე საკმაოდ ბევრს მიაღწიე. რა არის შემდგომი მიზანი?

 

ხვიჩა: ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაუმჯობესებელი. მინდა მოვიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლება.

 

AS: ოცნება?

 

ხვიჩა: ორი ოცნება მაქვს: მოვიგო ჩემპიონთა ლიგა და საქართველოს ნაკრებთან ერთად ვითამაშო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

https://as.com/futbol/champions/creci-viendo-al-madrid-por-la-tv-ahora-quiero-ganarle-en-el-campo-n/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner