„ჩვენი ოპოზიცია ამბობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპული და ხელს შეგვიწყობს ევროინტეგრაციაში, ხოლო ამაზე რეაგირება არის ხელის შემშლელი“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც ოპოზიციას არ მოსწონს, ყველაფერი რუსულია. მათ აქვთ მოგონილი მიდგომები. მოგონილ ამბებზე თვითონ თავს იბრაზებენ და ამ გაბრაზებულზე შემდეგ ნარატივებს ალაგებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება. სასამართლოს მსჯელობის საგანია, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.