NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათზე შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში გატარებული რეფორმების მასშტაბურობამ და მოძრაობის ტემპმა.
„ჩვენ ვიხილეთ ნამდვილად ძალიან თბილი სტუმართმოყვარეობის მაგალითი გუშინ და დღეს. საქართველოში უკვე მეოთხედ ჩამოვიდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ მნიშვნელობისა, რომელსაც ვანიჭებთ NATO-საქართველოს ურთიერთობას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებითვე, საქართველო აგრძელებს ფუნდამენტური რეფორმების გატარებას.
„ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ რეფორმების მასშტაბურობამ, მოძრაობის ტემპმა იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის და თქვენი ძალისხმევის რეალიზაციაში, რომელიც ალიანსის წევრობისკენაა მიმართული. აღნიშნული რეფორმები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მაგრამ იგი მას ამზადებს NATO-ს წევრობისთვის. აღნიშნულს დრო ესაჭიროება, მოითხოვს მოთმინებას, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გაგვაჩნია, დაგეხმაროთ ამ გზაზე NATO-საქართველოს კომისიის ჩართულობით და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით. ჩვენ გვყავს ექსპერტები საქართველოში, რომლებიც იძლევიან კონსულტაციებს კიბერუსაფრთხოების, სამხედრო დაგეგმარების და სხვა მიმართულებით, ჩვენ ერთობლივი წვრთნებს ვატარებთ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, NATO პრაქტიკულ დახმარებას უწევს საქართველოს.
„ახლა უკვე მეტი NATO-ა საქართველოში და უფრო მეტი საქართველო NATO-ში, რაც სასარგებლოა როგორც NATO-სთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. NATO ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას კანონის უზენაესობას და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ ვაკვირვებით სიტუაციას თქვენს ქვეყანაში. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაცია არ უმჯობესდება. ვარშავის სამიტზე ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ სრული ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებისადმი", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.