„ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი, რომელიც შეიძლება ვინმეს ამართლებდეს იმაში, რომ ის კონსტიტუციას არღვევს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას.
„განხილვების პერიოდშიც ვხედავთ, რომ არანაირი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენს წარდგინებას დააკმაყოფილებს. კონსტიტუციის უგულებელყოფა ვერასდროს ჩაითვლება ევროპულ საქციელად, ხოლო ის პროცესი, რომელიც ახლაა წამოწყებული, ეს არის მთავარი ჩვენი კანონის - კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფა. კონსტიტუციისა და კანონის წინაშე ჩვენს ქვეყანაში ყველა თანაბარია“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება. სასამართლოს მსჯელობის საგანია, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.