logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტები იყო სუსტი, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს კვალიფიკაციის დეფიციტი, ან ის, რომ უწევთ აბსურდის მტკიცება
- +

3 ოქტომბერი. 2023. 19:45

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ესწრებოდა, პროცესი შეაჯამა და პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტებს სუსტი უწოდა.

 

 

„არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი. საზოგადოება იმსჯელებს არგუმენტებთან დაკავშირებით, ვისი არგუმენტებია ძლიერი და ვისი სუსტი. რაც შეეხება პერსონალებს, ამაზე საერთოდ არ მინდა შევიდე მსჯელობაში. რაც შეეხება [პრეზიდენტის წარმომადგენლების] არგუმენტების სიმცირეს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს კვალიფიკაციის დეფიციტიც და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ უწევთ აბსურდის მტკიცება“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, დღეს, 12:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

 

პროცესს არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

 

 

ასევე, სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები - პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

 

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner