ავტორი ანა ფერაძე
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას გუდაურის განვითარების გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშტაბური პროექტი კანადურმა კომპანიამ მოამზადა, რომელიც კობი-გუდაურის კურორტის ახლებურ ხედვას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.
როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, გუდაურში მთავარი სიახლე „დოპელმაიერის" ფირმის ახალი საბაგირო და 2 საჩოჩიალოა, რომელზეც სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„გუდაურში იგეგმება მაშტაბური პროექტი, რომელიც გუდაურის განვითარებას შეეხება, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კანადურმა კომპანია „ეკოზაინმა" მოამზადა. გეგმა ითვალისწინებს კობი-გუდაურის სამთოკურორტის განვითარების ახლებურ ხედვას, მის ტერიტორიაზე დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მისი საინვესტიციო მიმზიდველობა. საერთაშორისო დონის კურორტად ქცევისთვის თანმიმდევრული განვითარება უკვე დაწყებულია.
მნიშვნელოვანია მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც გუდაურს დიდი ხანია აწუხებს. ინვესტორებისთვის გუდაური უფრო საინტერესო უნდა გახდეს. კურორტი კლასტერად იქცევა და სოფელ კობის მეშვეობით ყაზბეგთან დაახლოებული იქნება.
გუდაურში მთავარი სიახლე „დოპელმაიერის" ფირმის ახალი საბაგირო და 2 საჩოჩიალოა, მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია. საბაგირო სეზონზე აუცილებლად გაიხსნება. ახალი საბაგიროს დამონტაჟებით განიტვირთება რიგები", - განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.