საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა დღეს, 11:00 საათზე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, გუშინ დაიწყო და 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
პროცესს არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
ასევე, სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები - პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.