„როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც, ქვეყანაში ხალხის ინტერესებს დავიცავთ, რაც არის მშვიდობის შენარჩუნება და ეკონომიკის განვითარება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს კომპეტენტურად და მათ მიერ გაკეთებული ანალიზი დამტკიცდა, რადგან როგორც გაირკვა, საქართველოში ჩამოსული იყვნენ მავნებლები, რომლებიც საზოგადოებას რევოლუციისთვის ამზადებენ და მათი მხილება მოხდა.
„რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადებას, მგონია, რომ შეცდომაში არიან შესული, ან რაღაც გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიასა და დედების დახმარებაზე არ იყო საუბარი, მსჯელობა იყო, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, როგორ ჩართონ ამ პროცესში ახალგაზრდები და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ – აქ შტერი არავინ არის, მინდა, ეს იცოდეს ყველამ. როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც. ქვეყანაში ხალხის ინტერესებს დავიცავთ, რაც არის - მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეკონომიკა განვავითაროთ“, – განაცხადა ზარქუამ.