„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ - ინიციატივის ფარგლებში, ბათუმში რეგიონული ურბანული ფორუმი იმართება, რომელიც ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გახსნა. ფორუმის მიზანია ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც არსებულ ურბანულ სივრცეებს უფრო მწვანე, ჭკვიან და მდგრად გარემოდ გარდაქმნის.
ფორუმზე იმსჯელეს თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის შესახებ, ასევე დაისახა ეკოლოგიურად მდგრადი და ძლიერი ქალაქების მშენებლობის სტრატეგიები. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა მართვა, ფინანსები და მწვანე მომავლისკენ გადასვლა რეგიონში მიმდინარე კრიზისების გათვალისწინებით. ფორუმის ფარგლებში მოეწყობა პანელური დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე.
„ბათუმი მიესალმება რეგიონის ქალაქების მერთა შეკრებას. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ბევრი სიკეთე მოაქვს ჩვენი ქალაქისთვის, მათ შორის განვითარების ახალი გზების აღმოჩენის მხრივ“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების, კავშირებისა და მწვანე გადასვლის გუნდის ხელმძღვანელმა ჟერალდ ოდამ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ევროპულ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის და აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო რესურსების მობილიზებასა და რეგიონისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებას.
UNDP-ის რეგიონული ცენტრის ცოდნისა და ინოვაციების გუნდის ხელმძღვანელმა ლეილა სადიკუმ აღნიშნა, რომ ქალაქები მსოფლიოს კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალაა. ამავდროულად, სწორედ ქალაქები მოიხმარენ გლობალური რესურსების 75 პროცენტს და პასუხს აგებენ სათბური აირების გაფრქვევის უდიდეს ნაწილზე, 60-80 პროცენტზე. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მუნიციპალიტეტები რთულ პერიოდს გადიან, თუმცა კრიტიკული საკითხების განხილვა ეკონომიკური ზრდისკენ წინგადადგმული ნაბიჯია.
მოხსენებები წარადგინეს უმაღლესი რანგის გამომსვლელებმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ARUP, Creative Bureaucracy Festival, Centre for Public Impact, Demos Helsinki და CHÔRA. ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილო მაკედონიისა და უკრაინის დელეგატები.
ფორუმის ორგანიზატორები არიან ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და პარტნიორი ორგანიზაციები.
ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) 2017 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. 2021 წლიდან ამ ინიციატივის მართვას უძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.