„როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
„რაც შეეხება მიზანს, იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თქვენ ალბათ გახსოვთ, ჩვენ 2022 წელს გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, მან 2022 წლის, თუ არ ვცდები, აპრილში მიმართა საქართველოს მთავრობას მოთხოვნით, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მთავრობისგან მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები. მაშინ არ მიგვიღია პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ეტაპზე ეს პრაქტიკა მან შეცვალა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის აღარ არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, გადიოდა შესაბამის კონსულტაციებს და მოგვიანებით მას თანხმობაც მიეცა გარკვეულ ვიზიტებზე. პოლიტიკური გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. იმპიჩმენტის აღძვრის მიზანი, თუნდაც არ გვქონდეს შესაბამისი რესურსი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს... გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას“, - აღნიშნა კობახიძემ.