ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ „Tax Stamp & Traceability“-ის პროექტის ფარგლებში გამართული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ როგორც აქციზური, ისე არააქციზური საქონლის მარკირება მნიშვნელოვანი პროცესია და მისი მიზანია, აღნიშნულ სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ხოლო რაც შეეხება, ადმინისტრირების პროცესს ის ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს.
შეხვედრის ფარგლებში, გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსმა, თეონა შიუკაშვილმა, მარკირების პროცედურებზე, ასევე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და წარმატებული გამოცდილების შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
აღნიშნული ფორუმი წელიწადში ერთხელ იმართება და საქართველომ მას პირველად უმასპინძლა. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციების 150-მდე მონაწილე და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.