logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს მოუსმინა
- +

4 ოქტომბერი. 2023. 20:51

 

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა უწყების მიერ გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ლევან დავითაშვილმა სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრა.

 

 

საქართველომ შეძლო არამხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2021 წელს 10.5%-იანი, ხოლო 2022 წელს - 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება. აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკის მიმართ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

მომხსენებლის ინფორმაციით 2022 წელს ისტორიულ მინიმუმს მიაღწია უმუშევრობისა და სიღარიბის დონემ.

 

 

ლევან დავითაშვილმა უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა, ბიზნესის ხელშეწყობა და ტურიზმი კვლავ რჩება სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებად.

 

 

როგორც მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. ამ მიმართულებით გრძელდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

 

 

მინისტრმა ყურადღება ტურიზმსა და ქვეყნისთვის ეკონომიკურად და სოციალურად მომგებიან პროექტებზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანაში 5.5 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. მისივე თქმით, ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება.

 

 

„მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება. პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი აშენდება 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

სატრანსპორტო მიმართულებაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება.

 

 

ევროკავშირის სამართლებრივი აქტების მიხედვით განხორციელდება საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და დაინერგა ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა. ამასთან, დაიწყო ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის რეფორმის განხორციელება, რომლის ფარგლებში მოხდება ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების სერტიფიცირება/ლიცენზირება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ხარისხსა და მოაწესრიგებს მიმართულებით.

 

 

მინისტრმა ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე.

 

 

„მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. ენერგეტიკის სექტორში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და პოზიტიური ტენდენციები. გასული 9 თვის მონაცემებით, ადგილობრივმა გენერაციამ 11.1 მლრდ. კვტ/სთ-ს გადააჭარბა და საანგარიშო პერიოდში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გამომუშავების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საპენსიო სისტემის სრულყოფა და სადაზღვევო სექტორის განვითარება.

 

 

ჩამოთვლილი რეფორმები და ღონისძიებები, უპირველესად, მიმართულია ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სიღარიბის შემცირებისკენ. აღნიშნული რეფორმები, მნიშვნელოვანი პროექტები, კარგი მარეგულირებელი კანონმდებლობა და პროგრესი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მიმართულებით ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან და განაპირობებს საქართველოს მზარდ როლს გლობალურ მიწოდების ჯაჭვსა და სავაჭრო ურთიერთობებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner