საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის კანადის ოფისის გენერალურმა დირექტორმა, ფრანს-იზაბელ ლანგლუამ განაცხადა, რომ კანადური კომპანიების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლა ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვის დასჯის რეალურ პოლიტიკურ ნებას.
მანამდე კანადურმა გამოცემა Le Devoir-მა საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ ფედერალური მონაცემების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოფიციალურმა ოტავამ ფარულად მიანიჭა კანადურ კომპანიებს რუსეთთან ვაჭრობის ნებართვები, რაც მის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აკრძალვის მიუხედავად, რუსული კომპანიები კანადას აწვდიან სამშენებლო მასალებს, მასალებს გეოლოგიური კვლევებისთვის, ასევე ფუფუნების საქონელს, ხოლო კანადა, თავის მხრივ, რუსეთს ამარაგებს ნედლეულითა და აღჭურვილობით, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს იარაღის, ნავთობისა და მინერალების წარმოებისთვის.
"სანქციების მიღებისას [ოფიციალურმა] ოტავამ მკაცრი დიპლომატიური განცხადებები გააკეთა, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ხანდახან ეკონომიკური ინტერესები, როგორც ჩანს, უპირატესია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის პოლიტიკურ ნებაზე", - აღნიშნა გამოცემა Le Devoir-თან საუბარში Amnesty International-ის კანადის ოფისის გენერალურმა დირექტორმა.
"მოლოდინია, რომ უკრაინის მოკავშირეები ოდნავ უფრო თანმიმდევრულნი იქნებიან რუსეთთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში", - დასძინა მან.