logo_geo
eng_logo
გორის „დილას“ არგენტინელი მწვრთნელი, თანაშემწესთან ერთად, მაქსიმუმ სამშაბათს საქართველოში იქნება!
- +

5 ოქტომბერი. 2023. 08:44

 

 

გორის „დილა“ ევერ დემალდეს შეუთანხმდა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს არგენტინელი სპეციალისტი გაწვრთნის.

 

მოლაპარაკება ნიკოლოზ პატარქალიშვილმა წამოიწყო. პატარქალიშვილი დიდი ხანია არგენტინასთან კავშირებს ამყარებს, კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის - „არგენტინის სახლი საქართველოში“ - დამფუძნებელი და არგენტინის სამენეჯერო სააგენტო B.S.C-ის წარმომადგენლია.

 

მისი თქმით, ევერ დემალდეს გორის „დილაში“ ასევე არგენტინელი მწვრთნელი დანიელ პაპალარდო დაეხმარება. სამხრეთამერიკელები საქართველოში ბუენოს-აირესიდან შაბათს ან კვირას გამოფრინდებიან და საქართველოში, მაქსიმუმ, სამშაბათს იქნებიან, რადგან სამგზავროდ 18 საათია საჭირო.

 

გორის „დილამ“ 36 წლის სპეციალისტს, რომელიც მარსელო ბიელსასა და ბერტ ვან მარვეიკის ასისტენტად მუშაობდა, ოფიციალური წინადადებით სექტემბერში მიმართა. არგენტინელი მწვრთნელი დაინტერესდა და მოლაპარაკებების შედეგად მუშაობას დათანხმდა.

 

შეგახსენებთ, რომ პატარქალიშვილმა ევერ დემალდეს კანდიდატურა თავიდან ბათუმის „დინამოს“ შესთავაზა, მაგრამ იქ უკვე გორელთა ყოფილი დამრიგებლის, ანდრეი დემჩენკოს დანიშვნა იყო გადაწყვეტილი. „დილასთან“ მოლაპარაკება კი წარმატებული გამოდგა.

 

დემალდემ სამწვრთნელო კარიერა ბიელსას ასისტენტად (2014-15) სახელოვან ფრანგულ კლუბ „მარსელში“ დაიწყო. 2015-2017 წლებში საუდის არაბეთის ნაკრებში ნიდერლანდელ ბერტ ვან მარვეიკს (ვის ხელშიც ნიდერლანდების ნაკრები 2010 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა) ეხმარებოდა, შემდეგ არგენტინაში დიეგო დაბოვეს თანაშემწე გახლდათ „გოდოი კრუსსა“ და „არხენტინოს ხუნიორსში“.

 

ბოლო წლებში მუშაობდა „ალ ჰილალში“ (არაბთა გაერთიანებული საემიროები), არგენტინულ „ხიმნასია ტიროსა“ და „ინდეპენდიენტე რივადავიაში“, რომელიც აპრილში დატოვა.

 

ახლა რაც შეეხება ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას - დაიმატებს თუ არა „დილა“ არგენტინელ ფეხბურთელებს? პატარქალიშვილი გორულ კლუბს დახმარებას ჰპირდება, რომ 2024 წლის სეზონისთვის შეკრებას არგენტინაში მოუწყობს, სადაც ამხანაგური თამაშებისა და ფეხბურთელების შეთვალიერების საშუალება ექნებათ. მაგრამ ეს ყველაფერი პატარა თანხებს არ უკავშირდება და ჯერ უცნობია, რეალურია თუ არა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner