შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის მიმდინარეობას და მიმდინარე სწავლების პროცესს დაესწრო. მინისტრის მოადგილეს აკადემიის რექტორმა - ზურაბ ზუბადალაშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელსაც საფუძვლად დაედო, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული 6-თვიანი სამოქმედო გეგმა.
გეგმით გათვალისწინებულია სწავლებები ისეთ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სექსუალური შევიწროება, ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების თავისებურებები და სხვა. აღნიშნული სწავლების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფის 480 გამომძიებელი გადამზადდება.
ტრენინგები განგრძობადი ხასიათისაა, რომელსაც ეტაპობრივად ყველა გამომძიებელი გაივლის და ყოველ 6 თვეში განახლდება. სწავლებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებიც ჩაატარებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აკადემიის მსმენელებსა და თანამშრომლებს გაესაუბრა და წარმატებები უსურვა. ალექსანდრე დარახველიძემ სასწავლებლის განახლებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა.