შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, საპატრულო პოლიციის, ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციის, სტრატეგიული კომუნიკაციების, ადამიანური რესურსების მართვის, შიდა აუდიტის, ოპერატიული უზრუნველყოფის და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების დირექტორები დაესწრნენ.
ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან კვარტალური ანგარიშები მოისმინა, გაეცნო მათ მიმდინარე და სამომავლო გეგმებს.
თათბირზე განხილულ იქნა საზღვრის ეფექტური მართვის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, ასევე, სასაზღვრო სექტორებზე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი და განხორციელებული და მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეებსა და პროექტებს. მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ავტოპარკის განახლებას, პატრულ-ინსპექტორების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ახალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობების გადაცემას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან - ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ასევე, შეხვედრა გამართა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, მიგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტების დირექტორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორთან.
სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა ბოლო დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული და ინიცირებული კანონპროექტები.
სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, მინისტრს მათი კომპეტენციის ფარგლებში დანაყოფების საქმიანობის, ასევე განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის დასასრულს ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაში მონაწილე პირებს კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.