logo_geo
eng_logo
საქართველო, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპაში მეცხოველეობის დარგის პრესტიჟულ გამოფენაში „Sommet De L’elevage 2023“ მონაწილეობს
- +

5 ოქტომბერი. 2023. 12:25

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კლერმონ-ფერანში, მეცხოველეობის დარგის გამოფენა - „Sommet De L’elevage 2023“ გახსნა. მიმდინარე წელს, გამოფენაში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

 

საქართველოდან ჩასულმა მესაქონლეობის დარგის სხვადასხვა ასოციაციის წევრებმა  გამოფენაზე ქართული წარმოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს.

 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ევროპაში ხორცპროდუქტების წარმოების ყველაზე დიდ რეგიონში გამართულ გამოფენას, მსოფლიოს 90 ქვეყნიდან, დაახლოებით, 105,000 ვიზიტორი სტუმრობს; გამოფენაზე წარმოდგენილია 2000 საუკეთესო ჯიშის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

 

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც, ქართველ მწარმოებლებთან ერთად, დარგის ფრანგი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,    უმსხვილესი გამოფენა შესაძლებლობას აძლევს ქართველ მწარმოებლებს, გაეცნონ წარმოების საუკეთესო პრაქტიკას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობებს.

 

„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება და სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ მთლიანად ინდუსტრიას, მეცხოველეობის წარმოების ჯაჭვის თითოეულ მონაწილეს, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართულ სტენდზე ფრანგ კოლეგას, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრს მარკ ფენოს უმასპინძლა. გამართულ ღონისძიებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner