„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების პოზიციას და რა თქმა უნდა, სრულად ვიზიარებ იმ ღრმა შეშფოთებას, რომელიც მასშია გამოხატული“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აფხაზეთში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგებასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
„რამდენიმე წუთის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. პირველი, ვინც უნდა რეაგირებდეს ასეთ მიუღებელ ნაბიჯებზე, არის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეს ოფიციალური განცხადება, რაც ნიშნავს მთავრობის განცხადებას, ხელისუფლების პოზიციას, გავრცელდა, რა თქმა უნდა, სრულად ვიზიარებ იმ ღრმა შეშფოთებას, რომელიც არის გამოხატული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის გახსნას ეხება. უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.