logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ ამის შესაძლებლობა აქვთ ნული
- +

5 ოქტომბერი. 2023. 15:41

 

 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები პოლიტიკური სპეკულაციაა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე კანონპროექტზე ომბუდსმენისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

 

„რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ მათ განცხადებებს. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. ყველა ის ადამიანი, პოლიტიკური პარტია იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვინც აღნიშნული კანონპროექტს ეწინააღმდეგება, წამსვლელია იმ სიბინძურესა და პროვოკაციაზე, რაზეც შესაბამისი სამსახურების მხრიდან იყო საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მთავარია, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა - ვიღაც შეიძლება აქციაზე იყოს, აქციას ატარებდეს, ყველას უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. კანონპროექტთან დაკავშირებით გაცხადებები და მინიშნებები უკვე გაკეთებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების ცვლილებას არა არჩევნების გზით, არამედ ყველანაირი ძალადობრივი მეთოდით ცდილობენ, რადგან მათ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ.

 

„ხელისუფლების ცვლილება თუ გინდა, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება. უნდა გქონდეს შენი ქვეყნის უმრავლესობის მხარდაჭერა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამის შესაძლებლობა აქვთ ნული. ერთადერთი გზა რჩებათ და ყველანაირი მეთოდით ცდილობენ, ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, დაამხონ ხელისუფლება თავიანთი უცხოელი მეგობრების ჩართულობით, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული. დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რომ დაცულია, მაგაზე მგონი ყველანი ვთანხმდებით. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში იყოს მოქცეული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის თანახმად, აქციებზე კარვების გაშლა არ იკრძალება - საუბარია იმაზე, რომ რომელიმე შენობასთან განთავსებულმა კონსტრუქციამ ამა თუ იმ ინსტიტუტის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს.

 

„არავინ კრძალავს კარვის გაშლას. ყველა განმარტება აღნიშნულ კანონპროექტში ასახულია, თუ რა ცვლილებები ხორციელდება. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება აღნიშნულმა ფაქტმა - კონკრეტულ ობიექტთან, სახელმწიფო დაწესებულებასთან კარვის განთავსებამ, შეიძლება ხელი შეუშალოს ამა თუ იმ ინსტიტუტის გამართულ მუშაობას; საუბარი იყო იმაზეც, რომ ვიღაცამ შეიძლება კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიტანოს და გამოიწვიოს არეულობა, დაძაბულობა. რა თქმა უნდა, ტარდება პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ თავიდან ნათქვამი იყო, თითქოს ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები საქართველოში ტრენინგების ჩასატარებლად იყვნენ ჩამოსული, თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. 

 

„როდესაც აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მაშინვე დაიწყო ქილიკი, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა - თითქოს, ჩვენ საზოგადოებას ვატყუებდით, თუმცა კადრებით, უკვე დადასტურებული ფაქტებით გაირკვა, რომ „კანვასის“ წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში იყვნენ შემოსული იმ მიზეზით, თითქოს მძიმე დაავადების მქონე პაციენტთა მშობლებისთვის ტრენინგები უნდა ჩაეტარებინათ, რეალობაში ვნახეთ, თუ რაზე იყო საუბარი და რასთან დაკავშირებით არსებობდა მითითებები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე რეალობაა და სამწუხაროა. სამწუხაროა ისიც, რომ ამ ყველაფერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - დავიცავთ უსაფრთხოებას და ქვეყანაში მშვიდობას შევინარჩუნებთ“, - განმარტა თბილისის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner