პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას გამოეხმაურა. მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევაზე დიდი საბოტაჟი ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს
„ერთადერთი საბოტაჟი, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ - ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, მასზე დიდი საბოტაჟი ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს, მით უმეტეს იმ პირის მიერ ჩადენილი, რომელიც ვალდებულია კონსტიტუცია დაიცვას და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. დღეს პროცედურულად მხარეებს პაექრობის საშუალება აქვთ და ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ, ამის შემდეგ ისინი სასამართლოს დასკვნითი, შემაჯამებელი სიტყვით მიმართავენ და პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.
საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო.