„[პრეზიდენტის იმპიჩმენტი ევროინტეგრაციისთვის] რისკი ვერ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ და სამართლიან მიდგომაზეა საუბარი. ევროპული ღირებულებები სწორედ რომ კანონის უზენაესობაზე დგას. მიუღებელია, რომ მის წიაღში არსებობდეს სახელმწიფო, რომელშიც კანონის უზენაესობა არ არის იმპერატიული“, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უკვე მეთორმეტე წელია ხელისუფლების ძალისხმევა ზუსტად ამაზე არის ორიენტირებული.
„ზუსტად ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ - სადაც ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტები არის დაცული და კანონის უზენაესობა არის ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. ევროკავშირისთვის მიუღებელია სახელმწიფო, რომელიც კანონის უზენაესობას პატივს არ სცემს, ამიტომ, თუკი სამართლიან და ობიექტურ მიდგომაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ეს პროცესი, რომელიც დემოკრატიის პროცესში მშენებარე სახელმწიფოსთვის ბუნებრივი, დამახასიათებელი კომპონენტია, მიჩნეული იყოს როგორც შემაფერხებელი ევროინტეგრაციის გზაზე. პირიქით, ეს აჩვენებს იმას თუ რაოდენ დემოკრატიული არის სახელმწიფო“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მისივე თქმით, ის რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი გამჭვირვალეა და პირდაპირ ეთერში გადაიცემა, სწორედ იმას ადასტურებს, რომ მმართველ გუნდს დასამალი არაფერი აქვს.