„ჩვენ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. ველოდებით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ეს საკონსტიტუციო განხილვა მომხდარიყო“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უცნობია, როგორ განვითარდება შემდეგ პროცესები პარლამენტში, თუმცა ერთი ცხადია, ერთ პოლიტიკურ ჯგუფში მყოფი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს არ ენდობიან და უცნობია, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია შესული რადიკალური ოპოზიციის ფრთა და რა მიზნები გააჩნიათ მათ ქვეყნის მიმართ.
„ამდენად, ჩვენ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. ველოდებით, რომ ეს პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ეს საკონსტიტუციო განხილვა მომხდარიყო და მნიშვნელოვანია, სწორი, ობიექტური შეფასება მოხდეს იმის, რაც პრეზიდენტის მოქმედებასთანაა დაკავშირებული. მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია - ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს, გამომდინარე აი, ამ სამი დღის განმავლობაში რა არგუმენტებსაც ვისმენდით მმართველი გუნდისგან. პრეზიდენტის წარმომადგენლებმა საპირწონე არგუმენტი ერთიც კი ვერ წარმოადგინეს. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ოპოზიციაში რომ უნდობლობაა, ეს ცხადზე ცხადია“, - განაცხადა მიქანაძემ.