logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მთავრობა დაინტერესებულია სტატუსის მიღებით, გვაქვს ეჭვი, რომ პრეზიდენტს საპირისპირო ინტერესი აქვს, სტატუსი რომ სურდეს, არ იტყოდა, რომ ხელისუფლება ფორმალურად ასრულებს მოთხოვნებს
- +

5 ოქტომბერი. 2023. 19:36

"პრეზიდენტმა რამდენჯერმე უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და განაცხადა, რომ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში აპირებს იგივე პრაქტიკით მოქმედებას. ამის რეაგირების გარეშე დატოვება ნიშნავს სწორედ ევროპული მიდგომებისა და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრას, რადგან თუ რამეზე დგას ევროპა, ტრადიციულად, ისტორიულად, ეს არის სწორედ სამართლის, კონსტიტუციის უზენაესობა," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

 

 

ირაკლი კობახიძემ უპასუხა იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას შეკითხვას, რომლის თანახმადაც: „კონკრეტული კონტექსტი, რომელიც არის დღეს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ევროინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესის დასრულება ხომ ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში დასრულებული. ეს რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნებ იგივე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, თუ პირიქით, კონსტიტუციის უზენაესობის დაცვა ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის პროცესს საქართველოში“.

 

 

მისი თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევდა სწორედ ოპოზიციის იმედით.

 

 

„ამ ქვეყანაში თუ რამე არის პროდასავლური, ეს არის პარლამენტი და მთავრობა, რომლებიც განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ახორციელებენ საგარეო პოლიტიკას. გარდა ამისა, მოქმედი საპარლამენტო შემადგენლობა და მოქმედი მთავრობა იდგა იმ ინიციატივის სათავეში, რომლის საფუძველზეც 78-ე მუხლში გაიწერა ქვეყნის შესაბამისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეს არის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ასევე, საქართველოს მთავრობა, როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად არის დაინტერესებული, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ეჭვს მიღმა ვარაუდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო ინტერესი და მიზანი, რაც, ჩვენი აზრით, უტყუარად მტკიცდება მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადებებით.მას რომ სურდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, პარლამენტში არ იტყოდა, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს.

 

 

ეს არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი და პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობა უნდა მივანდოთ 150 პარლამენტარს, როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას. იცით, რომ პრაქტიკულად არ არსებობს რეალური შანსი გადაყენების, არაერთხელ გვითქვამს საჯაროდ და აქაც შემიძლია, იგივე ვთქვა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევდა სწორედ ოპოზიციის იმედით. ასეთი იყო მოცემულობა, თუმცა ეს არის პარლამენტის საკითხი, მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის განსაზღვრის თემა. რაც შეეხება ჩვენს პრიორიტეტულ ამოცანას, რა თქმა უნდა, ერთი კონსტიტუციური ამოცანაა, პრეზიდენტის გადაყენება, ამას გეუბნება პირდაპირ კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ამოცანა. პრეზიდენტმა რამდენჯერმე უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და განაცხადა, რომ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში აპირებს იგივე პრაქტიკით მოქმედებას. ამის რეაგირების გარეშე დატოვება ნიშნავს სწორედ ევროპული მიდგომებისა და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრას, რადგან თუ რამეზე დგას ევროპა, ტრადიციულად, ისტორიულად, ეს არის სწორედ სამართლის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა და როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი მიდგომით ქვეყანას არაფერი ესაქმება ევროკავშირში. ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება იყო ჩვენი პასუხისმგებლობის საგანი ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. დღეს პროცედურულად მხარეებს პაექრობის საშუალება აქვთ და ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ, ამის შემდეგ ისინი სასამართლოს დასკვნითი, შემაჯამებელი სიტყვით მიმართავენ და პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner