საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება.
საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროცესს არ ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები, პარლამენტის 4 დეპუტატი - ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.