"სამი დღის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ შეძლო ერთი მთავარი რამ - კონსტიტუციური საკითხები საზოგადოებისთვის გასაგები დ საინტერესო გახადა და ვფიქრობ, ეს გარდამტეხი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ დაინტერესდეს ჩვენი ძირითადი კანონის პრინციპებით და მინდა ირაკლი კობახიძეს ამისთვის კომპლიმენტი ვუთხრა, "- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა შეაფასა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სამდღიანი განხილვის დროს აღმოჩნდა, რომ იურისპრუდენცია ზოგს ესმის არა კანონის, ნორმის, კონსტიტუციის განმარტება და მასზე დაყრდნობით რაღაც აზრის განვითარება, არამედ თავისუფალი აზროვნება, როდესაც თვითშემოქმედებას აქვს ადგილი.
„სამმა დღემ ჩვენ ერთი საინტერესო რამ გვაჩვენა - აღმოჩნდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომლებიც თავს ექსპერტებს ან იურისტებს უწოდებენ (ვგულისხმობ სოციალურ მედიაში ყველამ მეტ-ნაკლებად გამოთქვა მოსაზრება), გვყავს ჯგუფი ექსპერტებისა, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად არიან სხვადასხვა ღონისძიებაში ექსპერტულად ჩართული, რომლებიც სინამდვილეში არა სამართლებრივი მეთოდოლოგიით მსჯელობენ, არამედ თავისუფალ დინებაში აზროვნებენ. სამი დღის განმავლობაში ერთ მხარეს იყო იურიდიული არგუმენტაცია, ხოლო მეორე მხარეს იყო ის, რასაც ჩვენ ვეძახით პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც მოკლებული იყო იმ სისტემურ აზროვნებას, რომელიც იურისპრუდენციას სჭირდება. მთელი პროცესი ჩვენს საზოგადოებას ორი სიტყვით დაამახსოვრდება - სტატუსი და უფლებამოსილება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.