"ვხედავთ, რომ შექმნეს ახალი თემა, რომლითაც ახდენენ მთლიანი პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას - გამოდის, რომ არის პრეზიდენტი, რომელიც არავის არაფერს ეკითხება, დადის, როგორც უნდა. ხვდება, ვისაც უნდა და შემდეგ ვხედავთ შედეგებს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ნაცვლად იმისა, რომ იყოს გამაერთიანებელი, არის ადამიანი, რომელიც ყოფს და თან ამით ამაყობს. მას რატომღაც ჰგონია, რომ უმრავლესობიდან გამიჯვნა სასახელო საქმეა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.