"კონსტიტუციის ამგვარი უხეში, საჯარო და დემონსტრაციული დარღვევა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ის გარანტიები, რაც პრეზიდენტს აქვს, რომ ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს იმპიჩმენტს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს რომ არ ჰქონდეს გარანტია, რომ ოპოზიცია იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, ის უფრო ფრთხილი იქნებოდა.
„პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ამ მოგზაურობის დროს ის ბიუჯეტის ფულს არ ხარჯავდა, პირად თანხებს ხარჯავდა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ შესაძლოა დარღვევა იყოსო, თუმცა კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია, რადგან ეს გარანტია არის, რომ ოპოზიცია დიდი ალბათობით მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისე, რომ არ დალოდებია არც არგუმენტებს ამასთან დაკავშირებით, არც სასამართლოს გადაწყვეტილებას კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, თქვა და დღემდე აცხადებს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტს, მიუხედავად იმისა რას იტყვის სასამართლო. სასამართლომ რომ თქვას, რომ დაარღვია კონსტიტუცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ მისთვის სულერთია კონსტიტუცია, დარღვევა, ის ყველა შემთხვევაში გადაეფარება პრეზიდენტს, რაც არ უნდა კონსტიტუციური დარღვევა დადგინდეს“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.