„ბიუჯეტი კიდევ იზრდება და პრაქტიკულად რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ბიუჯეტი ორიენტირებულია ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებზე, განათლებაში ინვესტირებაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ბიუჯეტი მორგებულია ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე“, - აღნიშნა დავითულიანმა.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი დღეს გააგრძელებს. დღესვე საკითხს კენჭს უყრიან. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე გააცნობს.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 5%-ის ნაცვლად 6,5%-ს შეადგენს.