“საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები და კერძოდ ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სამართალში მასტერკლასს უტარებს, რასაც ხვდება აბსოლუტურად უსუსური არგუმენტები”, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მცდელობაა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა შეფუთონ და საზოგადოებას შეასაღონ ისე, თითქოს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არადა, მართლაც ძალიან მარტივი სამართლებრივი საკითხია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით - პოლიტიკურ სპექტრში მოლოდინებზე საუბრობენ. თუ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკითხს მხარს არ დაუჭერენ და დარწმუნებული არიან, რომ საკითხი ჩავარდება. სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან აშკარად ჰქონდა ადგილი კონსტიტუციის დარღვევას, რაზეც სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს.