„განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციურ მოწყობას. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად, სასამართლო პროცესის სახით მიდის. ეს არის ევროპა, ჩვენ ასე გვესმის ევროპა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
იგი იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უადგილოა, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონის უზენაესობას. როდესაც ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა აქ უზენაესი კანონი, კონსტიტუცია იგულისხმება. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, საერთოში ვგულისხმობთ იმას, რომ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები. ქვეყნების, სადაც კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც კონსტიტუცია შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი. ამიტომ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, ის ევროპული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, ამ საკითხს ჩვენ არა პოლიტიკური კინკლაობითა და დებატით ვწყვეტთ, არამედ სასამართლოს მივმართავთ. ამისთვის გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო, სხვა რამისთვის ხომ არ არის?! ამისთვის არის ზუსტად, რომ ასეთ საკითხებზე თავისი კომპეტენტური აზრი წარმოადგინოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლები სათანადო განმარტებებს აკეთებენ და ყველას ესმის, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომლის სწორად განსაზღვრა ქვეყნისთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანია.
„ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელიც ეხება არა მხოლოდ დღევანდელობას, დღევანდელ პრეზიდენტსა და მთავრობას, არამედ ეს ეხება იმას, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ თუ არა. ეს არის ხალხის ნება, რომ ჩვენ გვქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკა და ამ ნების უზრუნველსაყოფად ჩვენ გვჭირდება დასტური საკონსტიტუციო სასამართლოსგან - ქართველი ხალხის ეს ნება, რომ გვქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკა, არის თუ არა ვალიდური. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის უცხოელი აქტორების განცხადებები ამ მხრივ, როდესაც საუბარია პოლარიზაცია-დეპოლარიზაციის ჭრილში, არ მოხდეს პირიქით.
პოლარიზაციას ახდენს, როდესაც ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი იჭრება და ითვისებს სხვა ორგანოს უფლებამოსილებას. სწორედ ესაა პოლარიზაცია და ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები პირიქით, ხელს უწყობს ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის როგორღაც გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამიტომ, განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციურ მოწყობას. ვხედავთ, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად, სასამართლო პროცესის სახით მიდის. ეს არის ევროპა, ჩვენ ასე გვესმის ევროპა. თუკი ევროპაა სხვა რამ, მაშინ გვითხრან - ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ. ესეც გვითხრან, თუ ვინმე ამას გულისხმობს, მაგრამ კიდევ ერთხელ, ესაა ჩვენი გაგება ევროპულობისა და მათ შორის ტესტი ჩვენი ევროპულობის, რომ ასეთი მეთოდებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გადაწყდეს ეს საკითხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს საქართველოში დეპოლარიზაციას. პირიქით, ეს პოლარიზაციას აძლიერებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.