გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის „ოქროს მედლით“ დაჯილდოვდა.
სოლომონ პავლიაშვილმა, დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მადლობა გადაუხადა.
„დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ნებისმიერი ჩემი წარმატება - სამეცნიერო, კვლევითი, პოლიტიკური, დაკავშირებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სოლომონ პავლიაშვილი აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა; 1986 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, აგრარული მეცნიერება, აგროეკოსისტემების მდგრადობა, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა, ეკონომიკის მდგრადი განვითარება.
სოლომონ პავლიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 16 მონოგრაფია, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა ქვეყანაში; აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, არის საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის კოორდინატორი.