logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ეს ვიზიტი NATO -ს ურყევი მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა!
- +

8 სექტემბერი. 2016. 23:07



ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში NATO -საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით დასრულდა. ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩების დელეგაციას NATO -ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ ხელმძღვანელობდა.


NATO -საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატოს დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  უმასპინძლა. სტუმრებს ასევე, დახვდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და JTEC-ის პროექტის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე.


შეხვედრა გენერალური მდივნის მოადგილემ გახსნა. ალექსანდერ ვერშბოუმ საქართველოს თავდაცვის მინისტრს NATO -საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ცენტრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: ცენტრის ინაუგურაცია ერთი წლის წინ მოხდა და ის NATO -ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. მოხარული ვარ, ავღნიშნო, რომ NATO -საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატებულ ფორმატს წარმოადგენს, ხოლო წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრი მისი ერთ-ერთი მიმართულებაა. როგორც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია. დღეს JTEC-ში ჩვენი ვიზიტი კი საშუალებას გვაძლევს საქართველოსთვის ორი წლის წინ მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი შევაფასოთ".


თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში NATO -ს ურყევი მხარდაჭერის ნათელ დადასტურებად შეაფასა და NATO -საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. ეს ვიზიტი NATO -ს ურყევი მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული მნიშვნელობის ნათელი დადასტურებაა. აღსანიშნავია, რომ ვიმყოფებით წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, რომელიც NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის უმთავრესი ინიციატივაა და ის ჩვენ შეიარაღებულ ძალებს წვრთნისა და შეფასების დინამიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს არის სიმბოლო, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად. ამ დაწესებულების შესაქმნელად NATO -ს წევრების, პარტნიორებისა და ჩვენი სამხედროების მიერ გაწეული უდიდესი სამუშაო ნამდვილად დასაფასებელია.

 

საქართველო მზადაა წინ წაიწიოს NATO -სკენ გაწევრიანების გზაზე, რომელიც შეუქცევადი პროცესი და ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანია. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა მიაღწიოს თავდაცვის ტრანსფორმაციას, წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეროვნული თვითრეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

 

ყველამ ვიცით, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას რეგიონი და საერთაშორისო თანამეგობრობა. მჯერა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში და ევროკავშირისა და NATO -ს გაფართოება გააძლიერებს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და დემოკრატიას საქართველოში, NATO -ს წევრ ქვეყნებსა და მთელს ევროპაში", - აღნიშნა ლევან იზორიამ.


მისასალმებელ სიტყვაში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მექანიზმებსა და ერთობლივ სწავლებებზე გაამახვილა ყურადღება.


შეხვედრა NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის შესახებ პრეზენტაციით დასრულდა. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner