„რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის საელჩო გაემიჯნოს ნებისმიერ ისეთ გეგმას, რომელიც საქართველოში ვითარების არევას, ამ ქვეყნის არევას უკავშირდება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადება შემაშფოთებელი იყო.
„საჯაროდ ეს ადამიანები მუდმივად საუბრობენ რევოლუციაზე, მაგრამ შემაშფოთებელი იყო, რომ USAID-ის დაფინანსებით ჩამოდიან რევოლუციის ექსპერტები და საქართველოში ესაუბრებიან ე.წ. აქტივისტებს პირდაპირ იმაზე, თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ უმძიმესი ძალადობრივი ქმედებები. სამწუხაროდ, ეს ხდება USAID-ის დაფინანსებით. ჩვენ იმედი გვქონდა, საელჩო ამ ყველაფერს გაემიჯნებოდა, თუმცა ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. არ ვიცი, მომავალში როგორ განავითარებენ ისინი საკუთარ პოზიციას, მაგრამ ეს განცხადება იყო ძალიან შემაშფოთებელი. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის საელჩო გაემიჯნოს ნებისმიერ ისეთ გეგმას, რომელიც საქართველოში ვითარების არევას, ამ ქვეყნის არევას უკავშირდება, წალეკვას უკავშირდება, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ. აქედან გამიჯვნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის. იმედია, მომავალში სხვანაირად განვითარდება ეს პროცესები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.