„პრეზიდენტის წარმომადგენლებმა და პრეზიდენტმა არაიურიდიულ საზოგადოებას უთხრეს, რომ სახელმწიფოს მეთაური როცა ხვდება სხვა სახელმწიფოს მეთაურს, ეს წარმომადგენლობა კი არ ყოფილა საგარეო ურთიერთობებში, ეს ყოფილა აქტივიზმი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„იქ ჩავიდა როგორც აქტივისტი და არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ეს აბსურდი უთხრეს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენმა იურიდიულმა საზოგადოებამ, ობიექტურმა დამკვირვებელმა ნახა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ერთმანეთისგან ვერ გაარჩიეს პრეზიდენტის სტატუსი და ის, თუ რა უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.