საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სექსუალურ ნიადაგზე უთანხმოება მოუხდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობართან, რის გამოც მძინარე დაზარალებულს ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-109-ე მუხლის ,,ე და კ" ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ პროკურატურაში.