"წელიწადში ერთხელ ასეთი ხუმრობა უნდა დავაკანონოთ, რომ ამათი (ოპოზიცია) უმეცრება, არაკომპეტენტურობა და მავნებლობა დავამტკიცოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ძალიან პატარა ანკესი იყო გადაგდებული და იმხელები წამოეგნენ, მთელი ოპოზიციის სახელით რომ ლაპარაკობენ. ასეთი ეფექტიც თუ ექნებოდა ამ ხუმრობას, არ მეგონა. ამ ხუმრობას რომ ადამიანი სერიოზულად გასცემდა პასუხს, არაფერი უნდა წარმოადგინოს, დაღუპავს ყველას და ყველაფერს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი ნათქვამი გამიზნული ხუმრობა იყო.
„თამარ ჩუგოშვილის კომენტარი ვნახეთ, რომელიც აღშფოთდა ამ ყველაფერზე, გადაირია, როგორ შეიძლება ეს მოხდესო. ეს ყველაფერი შეაფასა როგორც ძალაუფლების უზურპაცია. ასევე ეკა ბესელია, რომელიც ერთ-ერთი მათი დამცველია, ამბობს ასეთ რამეს, რომ პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს, არგადაგზავნით კონსტიტუციას დაარღვევს „ოცნება“. რაზეც გადაირია ჩუგოშვილი, ბესელია, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში“, - განმარტა სპეციალურ ბრიფინგზე კობახიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.