საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი ნათქვამი გამიზნული ხუმრობა იყო.
„თამარ ჩუგოშვილის კომენტარი ვნახეთ, რომელიც აღშფოთდა ამ ყველაფერზე, გადაირია, როგორ შეიძლება ეს მოხდესო. ეს ყველაფერი შეაფასა როგორც ძალაუფლების უზურპაცია. ასევე ეკა ბესელია, რომელიც ერთ-ერთი მათი დამცველია, ამბობს ასეთ რამეს, რომ პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს, არგადაგზავნით კონსტიტუციას დაარღვევს „ოცნება“. რაზეც გადაირია ჩუგოშვილი, ბესელია, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში“, - განმარტა სპეციალურ ბრიფინგზე კობახიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებამიიღო.კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.