logo_geo
eng_logo
ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე: თუ ადამიანს სურს ჰქონდეს ის, რაც არასოდეს ჰქონია, უნდა გააკეთოს ის, რაც არასოდეს გაუკეთებია
- +

7 ოქტომბერი. 2023. 14:38

 

 

XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სტრესი და გადაღლილობაა. დაჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, ამ სტრესულ სამყაროში, რთულია, ადამიანმა მოახერხოს მოვლენების პოზიტიურად აღქმა. „რეპორტიორის“ დღევანდელი სტუმარი, ფსიქოთერაპევტი, საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპის ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ბადრიძე ჩვენს მკითხველს აეხმარება იმაში, რომ მან მოახერხოს იცხოვროს „აქ და ახლა პრინციპის შესაბამისად და პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეშვეობით ასწავლის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემურ სიტუაციებს მომავალში.

 

 

- ქალბატონო ლალი, მოდით, ჩვენი საუბარი პოზიტიური ფსიქოთერაპიის არსით დავიწყოთ და ჩვენს მკითხველს ავუხსნათ, რას ნიშნავს პოზიტიური ფსიქოთერაპია, რას მოიცავს და როგორ ეხმარება ის ადამიანებს?

 

- პოზიტიური ფსიქოთერაპია თანამედროვე სამეცნიერო ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ცნობილი მეთოდია, რომელიც აღიარებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოსა (WCP) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) მიერ. აქვე გეტყვით, რომ არსებობს სამიათასამდე ფსიქოთერაპიული მეთოდი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ათეულია აღიარებული. მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „POSITUM“, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც ფაქტობრივი, ნამდვილად არსებული. სწორედ ამ მნიშვნელობას გულისხმობს თერაპიის ჩვენეული მეთოდი. მისი მიზანია, ადამიანმა დაინახოს მოცემულობა თავისთავად. 

 

პოზიტიური ფსიქოთერაპია მოკლევადიანი ფსიქოთერაპიული მიმართულებაა ფსიქოდინამიკური მეთოდიკით, ჰუმანისტური მსოფლმხედველობით და ტრანსკულტურული მიდგომით. 1997 წელს პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდს, როგორც ყველაზე ეფექტურსა და საიმედოს, მიენიჭა გერმანული მედიცინის მთავარი ჯილდო – რიჩარდ-მარტინ-პრაისის პრიზი.

 

- რა არის პოზიტიური ფსიქოთერაპიის მიზანი, როგორ ცვლის ის ადამიანების აწმყოსა და მომავალს?

 

– პოზიტიური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს ადამიანს იმ ფიზიკური, ემოციური, სულიერი თუ კოგნიტიური რესურსების აღმოჩენასა და განვითარებაში, რომლებიც არ აქვს გაცნობიერებული ან დაავიწყდა. ამ მიმართულების მიმდევრები მივიჩნევთ, რომ ადამიანი თავისი არსით კარგია, დაბადებიდანვე ატარებს უზარმაზარ პოტენციალს და დაჯილდოებულია უამრავი შესაძლებლობით. თავად პეზეშკიანი იზიარებდა შეხედულებას, რომ ყველა ჩვენგანს აქვს დადებითი თვისებები, რომლებსაც ზედაპირზე ამოტანა და წინ წამოწევა სჭირდება. ის ადამიანს ადარებდა საბადოს, რომელშიც მიმოფანტულია ძვირფასი ქვები, რომლებიც უნდა მოძებნო და დღის სინათლეზე გამოიტანო.

 

პოზიტიური ფსიქოთერაპია გულისხმობს მომავლისკენ სვლას, მომავლის შექმნას აწმყოს სიტუაციების მიღების მეშვეობით. თითოეულ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ცხოვრებაზე, შეუძლია თავისი რეალობის შეცვლა. მარტივად რომ ვთქვათ, „თუ ადამიანს სურს, ჰქონდეს ის, რაც არასოდეს ჰქონია, უნდა გააკეთოს ის, რაც არასოდეს გაუკეთებია“. პოზიტიური ფსიქოთერაპია მაქსიმალურად არის ორიენტირებული ადამიანურ რესურსებზე. მისი მიზანია, დაეხმაროს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და ცხოვრების დაბალანსებაში. მეთოდის ღირსებებია ხელმისაწვდომობა, სისტემური მიდგომა და მარტივი ენა.

 


- რახან აწმყო და მომავალი ვახსენეთ, აქვე უნდა ვახსენოთ წარსულიც... რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის წარსული, მისი ტრავმები თუ მისი ცხოვრების მძიმე მომენტები ადამიანის უკეთესი მომავლის ფორმირებაში და აქვს თუ არა მნიშვნელობა პოზიტიური ფსიქოთერაპიის წარმატებით დაძლევაში, თუ რამდენად რთული წარსული ჰქონდა კონკრეტულ ადამიანს?

 

- რა თქმა უნდა, წარსული დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ჩამოყალიბებასა და ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ წარსული ისე განვითარდა, როგორც განვითარდა. გარემოებების, გამოცდილების, პიროვნული თვისებების ერთობლიობა განაპირობებს იმ მოვლენებს, რომლებიც თავის კვალს ტოვებს ადამიანზე. მაგრამ წარსულის ტვირთმა რომ უკან არ უნდა დაგვხიოს, პოზიტიური ფსიქოთერაპია ფსიქოანალიზთან საერთო პრინციპებისა და მიდგომების მიუხედავად, წარსულზე  ძირითად აქცენტებს არ აკეთებს, ის ითავალისწინებს  წარსულ გამოცდილებას, მაგრამ ძირითადად ფოკუსირებულია  პოზიტიური მომავლის მშენებლობაზე.

 

- ხშირად ვხვდებით ისეთ მომენტებს, როცა ადამიანმა თავად არ იცის, რომ სჭირდება თერაპია და ამას მხოლოდ მისი ოჯახის წევრები თუ მეგობრები ამჩნევენ და ხშირად აძალებენ მას, მიმართოს თერაპიას... თუ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს თავად ჰქონდეს გააზრებული და გადაწყვეტილი, რომ დროა, ცხოვრებაში მან რაღაც ფუნდამენტურად შეცვალოს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თერაპია ესაჭიროება და ეს არ აიძულოს სხვამ?

 

- ცხოვრება  გვაჩვენებს, რომ  რომ ადამიანებს რამეში დარწმუნების მაგიერ, სჯობს მათთან  ისეთი მოქცევა, რომ თავად გაიაზრონ და მივიდნენ ფსიქოთერაპიაზე მისვლის გადაწყვეტილებამდე. იძულება არ მუშაობს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია ამის მიღწევა: თუ მას სხვისი პერსპექტივით დაანახებთ საკუთარ თავს; დავუსვამთ მას ირიბ, მიმანიშნებელ და არა პირდაპირ, უხერხულ კითხვებს; კითხვები მას საშუალებას მისცემს თავად გააკეთოს დასკვნები; მიიღოს და გააცნობიეროს  რეალობა. დაძალებით კი, მხოლოდ წინააღმდეგობისა და დირექტივის საწინააღმდეგო ქმედების სურვილი ძლიერდება.


- თქვენი აზრით, რამ განაპირობა პოზიტიური ფსიქოთერაპიის პოპულარობა და რამდენი სეანსი ესაჭიროება ადამიანს, რომ იგრძნოს მისი პოზიტიური შედეგები?

 

- აქ და ახლა" პრინციპი (ყურადღების ფოკუსირება იმაზე, რაც ხდება მოცემულ ადგილას, მოცემულ დროს) აქტიურად გამოიყენება ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიმართულებაში, მაგრამ თერაპია ხშირად საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან ეს მიმართულებები პრაქტიკულად არ იყენებს ადამიანის შინაგან რესურსებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრობლემაზე გარედან მუშაობს. მათი უმრავლესობა სიმპტომების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული და არა თავად კონფლიქტზე. პოზიტიური ფსიქოთერაპია კი, კონფლიქტზეა ორიენტირებული და არა სიმპტომებზე, რაც არის კიდეც მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი.

 

- რა ხდება ფსიქოთერაპიის დროს, მალევე იხსნებიან თუ არა პაციენტები თქვენთან, რამდენი ხანი გრძელდება სეანსი და რას მოიცავს ერთი კურსი? 

 

- როდესაც ადამიანთან ვიწყებ მუშაობას, არ ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გავხსანა ეს ადამიანი. მე ის გულწრფელად მაინტერესებს და ამას ისინი გრძნობენ, ამიტომ ეს თავისთავად ხდება. სესიის ხანგრძლივობაა ერთ საათი. რაც შეეხება კურსს, პოზიტიური გამოირჩევა მოკლევადიანობით – საჭიროა საშუალოდ 20 სესია, საკმაოდ მძიმე დარღვევების შემთხვევაშიც კი – არა უმეტეს 50-ისა; უნივერსალურობით – სპეციალისტს არ სჭირდება სხვადასხვა ტექნიკის ძიება, აქ ყველაფერი მუშაობს კონფლიქტის თითქმის მყისიერ აღმოფხვრაზე; ინტერნაციონალურობით – ეს არის კულტურული ფსიქოთერაპია, რომელიც აერთიანებს აღმოსავლურ ფილოსოფიას, ინტუიციურ სიბრძნეს, დასავლურ რაციონალიზმს და მეცნიერებას;

 

საკუთარ კონფლიქტებზე მუშაობის პროცესში პაციენტის აქტიური ჩართვით. ადამიანთან, როგორც ერთიან სისტემასთან და არა მის ცალკეულ აზრებსა და განცდებთან მუშაობით; იგავისა და მეტაფორის ფსიქოთერაპიულ საშუალებებად აქტიური გამოყენებით; მომავალზე ორიენტირებულობით – მიუხედავად "აქ და ახლა" პრინციპისა, პოზიტიური ფსიქოთერაპია გვასწავლის, როგორ გავუმკლავდეთ პრობლემურ სიტუაციებს მომავალში.

 

- და ბოლოს, ქალბატონო ლალი, ამ სტრესულ სამყაროში, რთულია თუ არაადამიანმა მოახერხოს მოვლენების პოზიტიურად აღქმა და ჩვენს მკითხველს რომ მიაწოდოთ რაიმე კონკრეტული მაგალითი, როგორ შეუძლიათ თავად გახდნენ საკუთარი თავის  ფსიქოლოგები თუ თერაპევტები და ყველაზე რთულ დღეებშიც კი, არ დაკარგონ მომავლის იმედი და სამყაროში სიკეთის, სილამაზისა და მოვლენების პოზიტიურად
აღქმის უნარი?

 

- განვიხილოთ  რამდენიმე გზა, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ გაიცნოთ საკუთარ თავი: განსაზღვრეთ თქვენი ღირებულებები: რწმენა, შეხედულებები, იდეალები თუ ეთიკური სტანდარტები, რომლებიც საფუძვლად უდევს ცხოვრების სტილს. ისინი განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას და გავლენას ახდენენ  გადწყვეტილებებზე, ეს კი თავის მხრივ განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას. ყურადღება მიაქციეთ ემოციებს. ხშირად ჩვენ ვაიგნორებთ ან ვთრგუნავთ ემოციებს, მაგრამ მათ შეუძლიათ ბევრი რამ თქვან იმაზე, თუ ვინ ვართ და რა გვინდა.ხანდახან  შეჩერდით ერთი წამით, დააკვირდით რას გრძნობთ... მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, ყველა თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეებით. იყავით მადლიერნი და დააფასეთ ის, რაც გაქვთ. ყველაზე რთულ დღეებში კი, გვახსოვდეს, რომ ის, რაც ხდება ახლა, ხდება იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს, თუმცა, უმეტესად  ამას ვერ ვაცნობიერებთ. უნდა შევძლოთ, ვიცხოვროთ აქ და ახალა, დავინახოთ, შევიგრძნოთ, მივიღოთ და დავტკბეთ რეალობით, დავინახოთ მასში სხვადასხვა მხარე (როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი). უნდა გქონდეს მომავლის იმედი... ეს ცხოვრებას სასწაულად აქცევს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner